ტრაფარეტული ბეჭდვის შესახებ

        ტრაფარეტული ბეჭდვა, კერძოდ, მისი ერთერთი სახეობა შოლკოგრაფია, პოლიგრაფიული ბეჭდვის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ბეჭდვის პრინციპი დღემდე არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ძირითადი და დამხმარე საშუალებები.
ტრაფარეტული ბეჭდვა იმ სახით, როგორიც იგი დღეისთვისაა ცნობილი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 50-ან წლებში. დღეს ამ მეთოდით იბეჭდება სხვადასხვა ზომისა და სირთულის მრავალფერიანი გამოსახულებები ნებისმიერ მასალაზე: ქაღალდზე, პლასტმასზე, მეტალზე, კერამიკაზე, ქსოვილზე, მინაზე და თუ მანამადე ბეჭდვის ეს მეთოდი განიხილებოდა, როგორც მეორეხარისხოვანი მეთოდი , დღეს მას პოლიგრაფიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
       ტრაფარეტული ბეჭდვა გამოიყენება არამარტო პოლიგრაფიაში, არამედ ტექსტილის, ელექტრონული, ავტომობილების, მინისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში. ტრაფარეტული ბეჭდვის გამოყენებით იბეჭდება დროშები, პლაკატები, სამაგიდე ინვენტარი(სუფრები, ჭიქების ქვესადებები და სხვა) ტრანსპარანტები, მაისურები, ქსოვილის ქაღალდის, პოლიეთილენის პაკეტები, მინის ჭურჭელი, ხის ნაწარმები, სასუვენირო და სხვა სახისა და დანიშნულების ნივთები: სავიზიტო ბარათები, სერტიფიკატები, დიპლომები, ბუკლეტები, კერამიკული ჭიქები, მინის ბოთლები, წამლის ფლაკონები, ტარის ჭურჭელი; ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მზა პოლიგრაფიულ პროდუქციაზე ლაკირება მთლიანად ან შერჩევით, წიგნის ტყავის გარეკანზე ბეჭდვა და მრავალი სხვა.
       მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს მეთოდი პოლიგრაფიული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც სარეკლამო წარმოებაში, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

უკან